გიორგი ცუცქირიძე: მთავრობამ გასულ წელს დააყენა საკითხი საბანკო რეგულაციების გადახედვაზე და მაშინ რომ ამოქმედებულიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა

„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანა დროულიც არის და ცოტა დაგვიანებულიც”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ რეგულაციის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი გადახდისუნარიანი მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა იყო.

„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანა დროულიც არის და ცოტა დაგვიანებულიც. კარგია, რომ რეგულაციების ცვლილების მიზანი წესებზე დამყარებული მიდგომიდან პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლაა, რაც სებ-ის განცხადებაშიც არის აღნიშნული.

აქვე მსურს, აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ და პირადად პრემიერმინისტრმა ჯერ კიდევ გასული წლის მეორე ნახევარში დააყენა საკითხი საბანკო რეგულაციების გადახედვაზე და წლის დასაწყისში რომ ამოქმედებულიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

ამ რეგულაციის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი კი გადახდისუნარიანი მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა იყო, პირველ ყოვლისა, ეს მაღალშემოსავლიან პირებსა და იპოთეკურ დაკრედიტებას ეხება და რაც ნეგატიურად ზემოქმედებდა ეკონომიკურ ზრდასა და სამშენებლო სექტორზე. ლარში გაცემული იპოთეკური სესხებისთვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება, ხოლო იმ პირებისთვის, ვინც შემოსავალს სხვა ქვეყნებში იღებს, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე.

მისასალმებელია ისიც, რომ გასწორდა და შეიცვალა მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი და და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვროს შემოსავლის დადგენის პრინციპი, რაც დაკრედიტების მექანიზმებს ზედმეტად ბიუროკრატიულსა და მოუქნელს ქმნიდა. ასევე, პოზიტიურად უნდა შეფასდეს სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) ლიმიტის ცვლილებაც, რომელიც ახალი რედაქციით დაითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება, ხოლო კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა, ოთხიდან ორამდე მცირდება. კერძოდ, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავალი დაითვლება 1000 ლარამდე და 1000 ლარის ზევით, ხოლო ლარში ზღვარი 50% აიწევს. ამავე დროს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი განსხვავებული რჩება უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის, რაც სავალუტო რისკისაგან მსესხებლის დაცულობას ემსახურება.

რაც მთავარია, საბანკო რეგულაციების შერბილება შექმნილ არაორდინარულ სიტუაციაში, რაც დიდწილად კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად გლობალური შოკის შედეგია, ხელს შეუწყობს საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ეკონომიკისა და შიდა მოთხოვნის სტიმულირების თვალსაზრისით და მთლიანად ეწერება ეკონომიკის მხარდამჭერ სამთავრობო სტრატეგიაში, რომლის მიზანიც არის ამ გლობალური „შოკისას” დანაკარგების მაქსიმალურად შემცირებას, ხოლო პოსტ კრიზისულ პერიოდში ეკონომიკის გაზრდილ პარამეტრებზე დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები