“კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის კლასტერი დადგენილი და შესწავლილია”
კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის კლასტერი დადგენილი და შესწავლილია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა აკვირდება კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკას და გადაწყვეტილებებს არსებული სიტუაციის შეფასების საფუძველზე იღებს.
„კლასტერების წარმომადგენლობა ამ ეტაპისთვის სრულიად არის გაკონტროლებული. იმ პაციენტების ჯაჭვი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სრულიად არის ამოქმედებული და შესწავლილი ჩვენი თანამშრომლების მიერ.
ჩვენ ვაკვირდებით გარკვეულ რიცხვებს, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების მზარდ სტატისტიკას, ასევე, ვაკვირდებით, თუ რამდენად ხარისხიანად სრულდება ყველა უწყების მხრიდან გაცემული რეკომენდაციები და დავალებები. ვაკვირდებით ჩვენი მოქალაქეების მზაობასა და სოციალურ პასუხისმგებლობას. ყოველივე ამის ჯამური შეფასება იძლევა იმ გადაწყვეტილებების საფუძველს, რომლებსაც მთავრობა იღებს“, – აღნიშნა მინისტრმა.