არჩილ თალაკვაძე: ამ მომენტისთვის, პარლამენტის რომელიმე წევრს ან თანამშრომელს ინფექციის შემთხვევა დადასტურებული არ აქვს, ის ზომები, რაც პარლამენტში გვაქვს მიღებული, ამ მომენტისთვის ეფექტურია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის პარლამენტის რომელიმე წევრს ან თანამშრომელს კორონავირუსის შემთხვევა დადასტურებული არ აქვს.
თალაკვაძემ დეპუტატებს მიმართა, რომ თუ სხდომებზე მათი დასწრება გარკვეული აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული, შესაძლებლობა აქვთ, სხდომის მიმდინარეობას თვალი დისტანციურად ადევნონ.
„ამ დღეებში ვეცდებით, რომ მხოლოდ აუცილებელ საკითხებზე ვიმუშაოთ და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მივიღოთ ყველაზე მთავარი გადაწყვეტილებები. ჩვენს ყველა კოლეგას მინდა ვუთხრა, თუ ისინი უშუალოდ არ იქნებიან განხილვის პროცესის მონაწილეები ან კანონპროექტის მომხსენებლები, შეგიძლიათ, ამ დღეებში თქვენი ოფისებიდან ადევნოთ თვალი სხდომის მიმდინარეობას და მაშინ ჩაერთოთ, როცა საჭიროდ მიიჩნევთ ან როდესაც კენჭისყრა იქნება. ამ მომენტისთვის, პარლამენტის რომელიმე წევრს ან თანამშრომელს ინფექციის შემთხვევა დადასტურებული არ აქვს და შესაბამისად, ის ზომები, რაც პარლამენტში გვაქვს მიღებული, ამ მომენტისთვის ეფექტურია. თუ იქნება საჭიროება და თუ იქნება ინფიცირების შემთხვევა, უკვე გაწერილი გვაქვს რეაგირების სცენარები”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.