გია ვოლსკი: საქართველოში პოლიტპატიმრები რომ არსებობდნენ, სასამართლო სისტემას დღეს ასეთი მაღალი შეფასება არ ექნებოდა
“მისასალმებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობის გარკვეულ ფორმაზე დათანხმდა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-ლსპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პატიმრების თემის დღის წესრიგში კვლავაც არსებობა, არასწორია.
„თანამშრომლობის რაღაც ფორმა, რომელზეც დათანხმდნენ, მისასალმებელია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნებისმიერი პოზიტიური და კონსტრუქციული ნაბიჯი, რასაკვირველია, არის საზოგადოებისთვისაც გარკვეული პოზიტიური შეფასების წინაპირობა, მაგრამ ის, რომ პოლიტიკური პატიმრების თემა კვლავაც დღის წესრიგშია, არა თუ არასწორია, არამედ კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ აქ არჩევნებისკენ სწრაფვის სურვილი ამ პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნია, ვინაიდან საკმაოდ ბევრი დაკარგა.
საქართველოში პოლიტიკური პატიმრები რომ არსებობდნენ, სასამართლო სისტემას არ ექნებოდა ასეთი მაღალი შეფასება, როგორიც დღეს უკვე გაჟღერდა სასამართლოს ეფექტურობისა და მისი დამოუკიდებლობის თაობაზე. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ არის ერთ-ერთი მსოფლი დონის ანალიტიკური ცენტრი. ასე რომ, არის საკითხები, რაზედაც ჩვენ, ალბათ, კიდევ გვმართებს საუბარი და რადიკალური განცხადებების დიდი სურვილი არ მაქვს“ , – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დღით ბოიკოტს წყვეტს და დღევანდელი პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას აპირებს.