ხობში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა შორენა საბახტარაშვილმა სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები გააცნო.
სამუშაო ჯგუფში მერიის, საკრებულოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შედიან. დღევანდელი მონაცემებით, ხობის მუნიციპალიტეტში, თვითიზოლაციაში საზღვარგარეთიდან ჩამოსული 7 პირია. აღნიშნული პირები შესაბამისი სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა. საჭიროებების მიხედვით, მოხალისეები სხვადასხვა ტიპის დავალებებს შეასრულებენ.