ცაგერსა და ლენტეხში თვითიზოლაციაში 5 ადამიანი იმყოფება
ცაგერსა და ლენეხის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 5 ადამიანი იმყოფება. აქედან ერთი ,ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედში მცხოვრები ასაკოვანი ქალბატონია, რომელიც ავსტრიიდან ქუთაისის აეროპორტში 14 მარტს ჩამოფრინდა, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში იზოლაციაში მყოფი პირები გერმანიის, პოლონეთის,თურქეთისა და ესპანეთის ქვეყნებიდან დაბრუნდნენ.
როგორც “რეგიონულ კვირასთან” ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი აცხადებს, ევროპის, ან სხვა რომელიმე ქვეყნიდან შემოსული ადამიანების სია წინასწარ მოსდით და შესაბამისი დარგის მედიკოსები მათზე მეთვალყურეობას და კონტროლს ახორციელებენ.
“ასეთი სულ 4 გვყავს. ჩვენ მათ მუდმივად ვაკონტროლებთ, ისინი თურქეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან შემოვიდნენ. თვითიზოლაციის ვადები ჯერ კიდევ არ გასულა, ამიტომ მათთან მუდმივ კონტაქტში ვართ, ვაწარმოებთ ტემპერატურის რეჟიმის კონტროლს. დღეის მდგომარეობით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ,იმყოფებიან სრულყოფილ თვითიზოლაციაში და გულმოდგინედ მიჰყვებიან ჩვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს“,-განაცხადა თეა გურგუჩიანმა
რაც შეეხება ლენტეხში , თვითიზოლაციაში მყოფ ქალბატონს, საავადმყოფოს ეპიდემიოლოგის ლამზირა ბენდელიანის თქმით,იგი ავსტრიაში შვილებთან იმყოფებოდა.
“როცა სამთვიანი ვადა გაუვიდა დაბრუნება გადაწყვიტა და 14 მარტს, პირდაპირი რეისით ქუთაისში ჩამოფრინდა, შემოსვლისთანავე სათანადო სკრინინგი ჩაუტარდა,სკრინინგის დროს არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდა, ტემპერატურა 36 ჰქონდა, ამიტომ მას დართეს ნება საკუთარ სახლში დარჩენილიყო თვითიზოლაციაში, შვილმა საკუთარი მანქანით ჩამოიყვანა შესაბამისი სპეცტანსაცმლითა და ნიღბებით,არავისთან კონტაქტი არ ჰქონია,მოვიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედში, სადაც მას საკუთარი სახლი , ეზო და ყველა ის საუკეთესო პირობა აქვს , რომელიც თვითიზოლაციისთვისაა საჭირო. კონტროლს ვაწარმოებთ ყოველდღიურად,ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა,ტემპერატურა 36 გრადუსი აქვს, არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება ,დანარჩენს დავაკვირდებით“,- განაცხადა ლამზირა ბენდელიანმა.
შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა, საკარანტინო რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54, ერთი მოქალაქე კი გამოჯანმრთელებულია.