დავით ჩიხელიძე ოპოზიციას: პოლიტიკური ქულების დაწერის ნაცვლად გამოიჩინეთ რაციონალური აზროვნება

ა/ო „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ოპოზიციას მიმართავს, გამოიჩინონ რაციონალური აზროვნება, არ დააზიანონ ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებსა და თბილისს შორის არსებული კომუნიკაცია და არ ჩაერიონ მთავრობის მუშაობაში.

„ბოლო დროს ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადება გაკეთდა, განსაკუთრებით მტკივნეულია მათი არაკომპეტენტური განცხადებები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კეთდება. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე კომენტირება არის ძალიან სენსიტიური საკითხი.

ვინაიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის აფიშირება ზიანს აყენებს აღნიშნულ პროცესს.

წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ღიად ყველა დახმარებასა თუ კავშირზე საუბარი საფრთხეს შეუქმნის ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებსა და თბილისს შორის არსებულ კომუნიკაციას/ურთიერთობას.

არსებული პრაქტიკა მოწმობს, რომ ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში ცდილობს, დაიცვას, იზრუნოს და გააუმჯობესოს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობა. მიუხედავად ოკუპაციისა, ადგილობრივები გრძნობენ სახელმწიფოს მხარდაჭერას და ზრუნვას. არაერთი პროგრამა არსებობს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე და მათ საჭიროებებზეა მორგებული.

ცენტრალურ ხელისუფლებას ოკუპირებულ რეგიონები მარტო არც მსოფლიო გამოწვევის ფონზე დაუტოვებია, თბილისის მიერ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით, მაგრამ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ ხდება ამის აფიშირება, ვინაიდან დაზიანდება კომუნიკაციის არსებული ხაზი.

მივმართავ ოპოზიციას, კარგად გაითავისოს საკუთარი როლი, პოლიტიკური ქულების დაწერის ნაცვლად გამოიჩინონ რაციონალური აზროვნება, არ დააზიანონ არსებული კომუნიკაცია და არ ჩაერიონ მთავრობის მუშაობაში. რადგან ჩვენ ყველანი (მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა) ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მოქმედება (მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით) არის უაღრესად გონივრული, პროფესიონალური და მოქალაქეზე ორიენტირებული!” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები