პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ ესაუბრა
კორონავირუსის საფრთხის გამო, 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხი გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა ტელეფონით განიხილეს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა დარუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს გრიგორი კარასინს. კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს. შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებზე არ გავრცელდება”,- აღნიშნულია განცხადებაში.