საგარეჯოს ყველა უბნის და კორპუსის მაცხოვრებლების სასმელი წყლით მომარაგება დაიწყო
საგარეჯოს ყველა უბნის და კორპუსის მაცხოვრებლების სასმელი წყლით მომარაგება დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ყველა საერთო საცხოვრებელთან და ყველა უბანში განთავსდება წყლით სავსე, ე.წ ელექტრო პომპის სისტემით აღჭურვილი სუფთა რეზერვუარი, საიდანაც მოსახლეობას წყლის ჭურჭლისა და არსებული რეზერვუარების შევსების საშუალება ექნება.
“დაიწყო სასმელი წყლით მომარაგების გასვლითი სამუშაოები. სუფთა, გამოუყენებელი
რეზერვუარებიდან, სრულიად უფასოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყლით მოამარაგებს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული აქცია გაგრძელდება საჭიროების მიხედვით, მანამ, სანამ საგარეჯოს წყალმომარაგების რეჟიმი სრულად არ აღდგება.