ზვიად შალამბერიძე მცირე და საშუალო სასტუმროების ხელმძღვანელებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველ მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან და იმერეთის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელთან ტატო ლილუაშვილთან ერთად, მცირე და საშუალო სასტუმროების ხელმძღვანელებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მიღებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად, ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა. გეგმა გულისხმობს ღონისძიებების გატარებას, რომლის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გაჩნდება.
“კერძოდ: 1. ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას. აღნიშნული პროცესის შედეგად მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიაში დაახლოებით გამოთავისუფლდება 100 მლნ ლარის ფინანსური რესურსი. 2. გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი გადაავადონ სესხის გადახდა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ბანკი მათ მისცემს შენატანის გადავადების საშუალებას. 3. იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს: სასტუმროები და რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვ. საქართველოს მთავრობა გადაუვადებს მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადასახდელ ქონების და საშემოსავლო გადასახადებს (1 ნოემბრამდე). შედეგად, შეღავათი შეეხება 18 000 გადასახადის გადამხდელს და 50,000 -ზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მლნ ლარზე მეტი დარჩება ეკონომიკის ამ სექტორში. 4. გარდა ამისა, კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად ფინანსთა სამინისტრო, კომპანიებს დააბრუნებს 1,200 მლნ ლარს (600 მლნ ლარით მეტს) 5. გაკეთდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშუალებითაც 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას.
ეს პროექტი შეეხება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 000 სასტუმროს, რომელმაც პანდემიის შედეგად შეიძლება მიიღოს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. 6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა.
შესაბამისად, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ. ლარით, აღსანიშნავია, რომ მთავრობა უკვე მუშაობს საბანკო რეგულაციების ოპტიმიზაციის მიმართულებით, რაც დამატებითი სტიმული იქნება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის წახალისებისთვის. ასევე, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ მიერ სპეციალურად გამოყოფილი ფონდებიდან რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისა და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, მთავრობისთვის პრიორიტეტია ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება. ასევე, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ქვეყნის ეკონომიკას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.