საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო და დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადადის
“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, დროებით გადავიდა საგანგებო და დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე” – ამის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის ღია წერილშია ნათქვამი.
“რეგიონული კვირა” ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ.
“მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, დროებით გადავიდა საგანგებო და დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, თუმცა, გპირდებით, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით არ შეფერხდება, ასევე ჩვეულებრივ გაგრძელდება სოციალური პროგრამები.
ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის მიზნით, ჩვენი შესაბამისი სამსახურები მუდმივ რეჟიმში, ინფორმაციის სახით, ავრცელებენ და ასრულებენ ჯანდაცვის რეკომენდაციებს. ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებას მიეცა მკაცრი მითითება, რომ უახლოეს დღეებში განახორციელონ სადეზინფექციო სამუშაოები. საზოგადოებრივ და მუნიციპალურ ტრანსპორტს ყოველი დღის ბოლოს უკვე უტარდება გეგმიური დამუშავება და მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით. თვითიზოლაციაში მყოფ საგარეჯოს რამდენიმე მოქალაქეზე ხორციელდება განსაკუთრებული კონტროლი, სადაც ჩართულია, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახური, ასევე, სოფლის წარმომადგენელი და საპატრულო პოლიცია. აქვე, განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ჩვენი სამედიცინო პერსონალის, ეპიდემიოლოგების, პოლიციელების, სამაშველო სამსახურის, სატრანსპორტო სამსახურის, დასუფთავების სამსახურის დაცვის სამსახურის მიმართ, რომლებიც 24 საათიანი რეჟიმში არ იშურებენ ძალისხმევას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის.
მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომ ზედმიწევნით დაიცვათ რეკომენდაციები და თავი აარიდოთ თავშეყრის ადგილებს და რაც მთავარია, მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. ჩემი დავალებით, შექმნილია კრიზისების მართვის ჯგუფი, სადაც გაერთიანებულია ყველა სფეროს წარმომადგენელი და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში დაწესებულია მკაცრი კონტროლი და უსაფრთხოების ზომები… ამ წუთებშიც მიმდინარეობს შენობებსა და დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები. გთხოვთ, გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რათა თავიდან ავირიდოთ ვირუსის გავრცელება! კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით #ინფრასტრუქტურული, #სასმელი #წყლის პროექტები და #სოციალური პროგრამები უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება! მიმდინარე სიახლეების შესახებ, დეტალურ ინფორმაციას მერიის ოფიციალური გვერდიდან შეიტყობთ! ნებისმიერ შეკითხვაზე დაუკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზს! გისურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს”,- აღნიშნულია წერილში.