ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს თბილისისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურორები წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თბილისის პროკურატურისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს თბილისის პროკურორი, ლევან გეგეჭკორი და ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი, შოთა კვაჭანტირაძე წარუდგინა.
ლევან გეგეჭკორსა და შოთა კვაჭანტირაძეს პროკურატურის სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ბოლოს ლევან გეგეჭკორი ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო შოთა კვაჭანტირაძე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე იყო.
როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლების და განვითარებისკენ.
შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა თბილისისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებების მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს.
ირაკლი შოთაძემ თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ, მისი გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებსა და საშუალო რგოლის მენეჯერებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ, რაც დამატებით სტიმულს წარმოადგენს.
მისი თქმით, პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს.
გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის თანამშრომლებთან პროკურორებისა და გამომძიებლების რანგირების სისტემის ჩამოყალიბებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს პროკურატურის ორგანოებში კარიერული განვითარების დაგეგმვას და გამჭვირვალე და და კონკურენტული ანაზღაურების სისტემის შექმნას.
ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეებთან სწორი და ღია კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და პროკურატურის თანამშრომლებს მოუწოდა დიდი ყურადღებით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს.