ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით, უსახლკარო მოქალაქეების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანლის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომებზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების საკითხი გამოიკვეთა.

შეხვედრაზე თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსახლკარობის პრობლემაზე მუშაობის ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი სწორედ ეს საკითხია და თემატური ჯგუფის ფორმატში, ძირითად აქტორებთან ერთად, გადაწყდა, განხილული იქნას ყველა ის მოსაზრება და რეგულაცია, რომელიც მსგავს მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მომავალში უსახლკარობის პრობლემისგან ეფექტურად დააზღვევს.

„დიდი თემაა, დიდი სამუშაოა. ამ კომპონენტისა და ელემენტის გარეშე, ბუნებრივია, საერთო რეკომენდაციები უსახლკარო მოქალაქეებთან დაკავშირებით ვერ შემუშავდება, ამაზეც პარლამენტს უნდა ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება და ასეთ მოსაზრებების ჩამოყალიბება შესაძლებელია მსგავს ფორმატებში, როდესაც ის აქტორები, ვინც პოლიტიკას ქმნიან და ახორციელებენ, ეძებენ გამოსავალს”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრას, თემატური ჯგუფის წევრებთან ერთად, ეროვნული ბანკის, საქართველოს ბანკების ასოციაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები