იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონების ხელმძღვანელების მოთხოვნა განიხილოს, რომელიც გაცილებით მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღებას გულისხმობს.

ამჟამად მოქმედი შეზღუდვის მიხედვით, ქალაქებს შორის გადაადგილება მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაშია შესაძლებელი, გაუქმებულია ყველა მასობრივი თუ სპორტული ღონისძიება, დახურულია რელიგიური და კულტურული დაწესებულებები.

თუმცა, ლომბარდიისა და ვენეტოს ხელისუფლება საკარანტინო ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვს. კერძოდ, ისინი მოუწოდებენ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ მოხდეს ყველა დაწესებულების დახურვა, გარდა – აფთიაქებისა და მაღაზიების, ასევე, ტრანსპორტის შეჩერებას, მათი თხოვნით მხოლოდ ნარჩენების გატანაზე მომუშავე კომპანიები უნდა ფუნქციონირებდნენ.

კონტემ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, რომ მთავრობა ღიაა გაცილებით მკაცრი ზომების მიღების განსახილველად.

იტალიის პრემიერმა, ასევე, განაცხადა, რომ COVID-19-ის აფეთქების ფონზე, მთავრობამ ეკონომიკის მხარდასაჭერად 25 მლრდ ევრო გამოყო.

იტალიაში, ბოლო მონაცემით, კორონავირუსით 10 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 631 პაციენტი გარდაიცვალა, 1004 გამოჯანმრთელდა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები