ამირან გამყრელიძე: თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება
“ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა მონიტორინგი წარმოადგენს, ამიტომ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარება ეპიდემიის დროს ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.
“ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა მონიტორინგი. გადაწყვეტილებებია მიღებული მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა, რათა კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისა ისევე, როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების. ჩვენ რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაარღვიონ ეს კარანტინი თუ თვითიზოლაცია, რადგან ეს დაკავშირებულია მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, მათ ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და საზოგადოების უსაფრთხოებასთან. ამ ტიპის ღონისძიებების გატარება ეპიდემიების დროს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი”, – განაცხადა გამყრელიძემ.