ნიკოლოზ მჭედლიშვილი: საქართველო ინვესტიციების მოცულობით მშპ-სთან მიმართებით მსოფლიოში მეათე ადგილზეა

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს 2019 წლის მე-4 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ და წერს, რომ მცირედით, 0.2 პროცენტით, მაგრამ მაინც არის ინვესტიციების ზრდა 2018 წელთან შედარებით.

ექსპერტის აზრით, ქვეყნისთვის ეს დიდი მიღწევაა.

„ბევრი შეიძლება, ვიდავოთ იმაზე, შარშან მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1267,7 მილიონი დოლარის მოცულობით ბევრია თუ ცოტა? მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ 2019 წლის ივნისიდან ქვეყანა შევიდა ტურბულენტურ ზონაში და პოლიტიკური დაძაბულობა არ იკლებდა, ეს არის მიღწევა, ჩემი აზრით.

მცირედით, 0.2 პროცენტით, მაგრამ მაინც არის ინვესტიციების ზრდა 2018 წელთან შედარებით.

ეკონომიკური კლიმატი მკვეთრად გაუმჯობესდა 2019 წლის ბოლო კვარტალში. კერძოდ, პირდაპირმა ინვესტიციებმა 347 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ყველაფერი შედარებითია, საქართველო კი მეათე ადგილზეა მსოფლიოში ინვესტიციების მშპ-სთან მიმართებით. ეს კარგია თუ ცუდი? აშკარად ძალიან მაგარია!

2019 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, (ტრანსპორტისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორის გარდა). 2019 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საფინანსო სექტორში – 70.8 პროცენტით (57.2 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 138.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. მშენებლობის სექტორში ინვესტიციები 51.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 49.6 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა (წინა წლის მეოთხე კვარტალში უარყოფითი იყო).

ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები 45.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 41.4 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა (წინა წლის მეოთხე კვარტალში უარყოფითი იყო). კავშირგაბმულობის სექტორში ინვესტიციების მოცულობა 5-ჯერ (22.2 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 27.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა (36.1 პროცენტი – 125.3 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ მოდის თურქეთი (22.2 პროცენტი – 77.2 მლნ აშშ დოლარი) და ნიდერლანდები (13.9 პროცენტი – 48.1 მლნ აშშ დოლარი)”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები