პრეზიდენტი ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული ზომებისა და განხორციელებული სამუშაოებისათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილე პაატა იმნაძეს, ცენტრის ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის.
“მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც დღესა და ღამეს მუშაობს სხვადასხვა დაწესებულებაში იმისთვის, რომ ქვეყანამ დაძლიოს კორონავირუსთან დაკავშირებული მსოფლიო მასშტაბის პრობლემა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით მიღებული ზომების თვალსაზრისით საქართველო სამაგალითო ქვეყანაა.
“ჩვენთან ფუნქციონირებს ლუგარის ცენტრი, რომელიც მართლაც სამაგალითოა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, არამედ – მსოფლიოში. ეს უზარმაზარი შანსია. თუ ვიღაცები ებრძვიან ლუგარის ცენტრს, ესეც მოდის იქედან, საიდანაც ჩვენ გვებრძვიან. ჩვენ გვახსოვს, გასულ წელს რა ჭორები გავრცელდა ლუგარის ლაბორატორიაზე. ჩვენ უნდა დავაფასოთ ის, რაც გაქვს ქვეყანაში, ამიტომ მე ბოლომდე მათი დამცველი ვიქნები, თუმცა ჩემი დაცვაც არ სჭირდება, რადგან მათი საქმე ლაპარაკობს მათზე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.