“ამ ქვეყანაში არ არსებობენ ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება შეწყალების ცალკე რეგულაციები”, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შესაძლო შეწყალების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და, ამასთან, პროცედურები ხორციელდება იმ წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, რომლებიც დამტკიცებულია.
„შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომლებიც მიღებულ იქნა ამ წელს. რა მოთხოვნაც შემოვა, ეს იქნება განხილული ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხოვნას მივიღებ, ვნახავ, წავიკითხავ, გავეცნობი. რადგან ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, რომ შეწყალება უნდა შედგეს, თუ მე ჩავთვლი, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. არ არსებობენ ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ მიმართოს პრეზიდენტს“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება გუშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას – სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებას მიესალმება.
„ვფიქრობ, ეს არის მართლაც, როგორც გუშინ განვაცხადე, საზოგადოების გამარჯვება, ქვეყნის გამარჯვება, ქვეყნის დემოკრატიისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ უკან არ გადაგვიდგამს არცერთი ნაბიჯი, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც, ვფიქრობ, ყველასთვის არის სასიხარულო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.
გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. მასში როგორც საარჩევნო მოდელზე, ასევე, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზეა საუბარი.