23-ე სკოლის მოსწავლეთა მშობლები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობელთა ნაწილი აცხადებს, რომ ერთ კვირაზე მეტია, სკოლაში გათბობა არ არის და მათ შვილებს ცივ საკლასო ოთახებში, გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა. როგორც მშობლებმა “კვირასთან“ საუბარში განაცხადეს,  მათ ხსენებული პრობლემით სკოლის დირექტორსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მშობლეთა თქმით, თუ სკოლაში გათბობის პრობლემა დროულად არ მოგვარდება, იძულებულნი გახდებიან საპროტესტო აქციას მიმართონ.
„ერთ კვირაზე მეტია 23-ე საჯარო სკოლა არ თბება. ამ საშინელ ყინვებში ბავშვებს გაუსაძლის პირობებში უწევთ საკლასო ოთახებში ყოფნა. დირექტორი თემურ კიკნაძე აცხადებს, რომ საქვაბე გაფუჭდა და მის შესაკეთებლად განათლების სამინისტრო ფულს არ ურიცხავს. ბავშვებს ყინავენ. თუ სკოლაში არ მივლენ, არებს უწერენ. ფაქტობრივად, სასწავლო პროცესი ჩაშლილია. იძულებულები ვართ საპროტესტო აქციას მივმართოთ“, – განუცხადა “კვირას“ ერთ -ერთი მოსწავლის მშობელმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა.
23-ე სკოლის მოსწავლეების მშობელთა ნაწილის საჩივართან დაკავშირებით, პორტალი “კვირა“ სკოლის დირექტორს თემურ კიკნაძესაც დაუკავშირდა. კიკნაძე მშობელთა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ სკოლაში გათბობის პრობლემა არ არსებობს. კიკნაძე ვარაუდობს, რომ სკოლაში გათბობის არარსებობის შესახებ ინფორმაცია, რომელიღაცა განაწყენებულმა მშობელმა ააგორა. თუმცა, სკოლის ხელმძღვანელს უჭირს იმის თქვა, რა საბაბით შეიძლება იყოს მასზე ეს მშობელი გაბრაზებული.
“ამ პრობლემით ჩემთვის არცერთი მოსწავლის მშობელს არ მოუმართავს, ვის ან რაში დასჭირდა ამ დეზინფორმაციის აგორება ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ერთი კვირით კი არა, ერთი დღითაც არ შექმნილა გათბობის პრობლემა. ჩვენს  საკმაოდ დიდი შენობა გვაქვს, ამიტომ მისი გათბობა ისე ვერ მოხდება, როგორც ეს საცხოვრებელი სახლის შემთხვევაშია შესაძლებელი. შეიძლება ერთ ან რამდენიმე ოთახში შეიქმნას გათბობის პრობლემა. როგორც ასეთი, რომ მთელი სკოლა “გაყინულია“, სრული სიცრუეა“, –  განუცხადა “კვირას“ სკოლის დირექტორმა.
23-ე სკოლიდ დირექტორის მსგავსად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც აცხადებენ, რომ აღნიშნულ სკოლაში გათბობის პრობლემა არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში 1300 მოსწავლე ირიცხება. სკოლა ორ ცვლიანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები