სოფიო კილაძე: ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ

“ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და როგორ წარმოუდგენიათ, „ქართულმა ოცნებამ“ რა უნდა გააკეთოს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ოპოზიცია ე.წ. პოლიტპატიმრების თემაზე სპეკულირებს.

„შეთანხმებაში საუბარია თავშეკავებაზე სისხლის სამართლის დევნისგან იმ პირების მიმართ, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად კავშირში არიან პოლიტიკასთან. ეს გასაგებია, მაგრამ ოპოზიცია რომ ამბობს, პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებული, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და როგორ წარმოუდგენიათ, „ქართულმა ოცნებამ“ რა უნდა გააკეთოს, უზენაეს სასამართლოს უთხრას, გადაწყვეტილება გააუქმეთ და პატიმრობიდან გიგი უგულავა გამოუშვითო? ეს არის აბსურდი და „ქართულ ოცნებას“ ამის არც სურვილი აქვს და არც  – უფლებამოსილება. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამ სპეკულაციებს მიხვდება. ლოგიკურია, ამ შეთანხმების შემდეგ პარლამენტში დაბრუნდნენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ამასთან, გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები