მამუკა მდინარაძე: საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს ოთხშაბათს წარედგინება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით დიპლომატების მონაწილეობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის ბიუროს ოთხშაბათს წარედგინება.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე ვერ მოხდება, რადგან შეთანხმების შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს ორ დღეში უნდა მომზადდეს.
„ჩვენ ბოლო ვადად გვაქვს გამოცხადებული 9 მარტი, იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმება უნდა მოგვესწრო, რათა ეს შეთანხმება შემდეგ შესაბამის ინიციატივაში ასახულიყო და ოთხშაბათამდე უნდა დარეგისტრირდეს. ანუ ჩვენ გვაქვს ორი დღე, ორშაბათი და სამშაბათი, რათა ოთხშაბათის ბიუროზე უკვე გავიდეს და ამის შემდეგ წავიდეს შესაბამისი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების ასახვას ცვლილებების შესაბამის ინიციატივაში, რომელიც საბოლოო ჯამში საყოველთაო სახალხო განხილვებზე გავა, თავისთავად ყველა პროცედურას გაივლის და უკვე სამი კენჭისყრის შედეგად გვექნება კონსტიტუციის გარდამავალი დებულების ახალი ნორმა, რომელიც ამ შეთანხმების პირობებს უზრუნველყოფს. ორშაბათის ბიუროზე ამაზე მსჯელობა არ იქნება, რადგან ჯერ უნდა მოხდეს ინიცირება და ამის შემდეგ უნდა გავიდეს ოთხშაბათის ბიუროზე, რათა ეს შეთანხმება აისახოს შესაბამის ინიციატივაში. იქ არის კონკრეტული პატარა დეტალები, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს იყო ნამდვილად ქართული დემოკრატიის გამარჯვება, ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი „ქართულ ოცნებას“ და რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მათ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ შეთანხმების მოდერაციისთვის. ნახეთ, მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა შეთანხმება შემდგარიყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.