ნანა ოდიშარია: სამეგრელოს რეგიონში თვითიზოლაციაში 8 ადამიანი იმყოფება
“სამეგრელოს რეგიონში თვითიზოლაციაში 8 ადამიანი იმყოფება”- ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ მიაწოდა.
მისივე თქმით, ყველა მათგანი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა. აქედან, 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა -4 ტურისტი და ერთი კი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
“გარდა ამისა, აბაშაში ერთი და მესტიაში ოთხი შემთხვევაა, რომელზეც მეთვალყურეობა მიმდინარეობს, როგორც სატელეფონო მონიტორინგი დღეში ორჯერ, ასევე, ბინაზე ვიზიტი. დღევანდელი მდგომარეობით, ორი მათგანი არის თბილისში, დანარჩენები გადიან თვითიზოლაციას. თუ იარსებებს გონივრული ეჭვი იმისა, რომ არღვევენ პირობებს, პროტოკოლის მიხედვით, ეს ინფორმაცია საპატრულო პოლიციას გადაეცემა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ვითარებით ისინი არ არღვევენ თვითიზოლაციის პრინციპებს. ყველა მათგანი იმყოფება სახლში, მინიმალური კონტაქტი აქვთ ოჯახის წევრებთან და მათ არა აქვთ ვირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები”,- განაცხადა ნანა ოდიშარიამ.
ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საკარანტინო ზონა არ არსებობს. სამეგრელოს რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც შესაძლოა, საკარანტინო ზონა განთავსდეს, რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოა.