“კორონავირუსისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალი შეიძლება, 77 მილიარდიდან 347 მილიარდ დოლარამდე მერყეობდეს” – „აზიის განვითარების ბანკი“

„აზიის განვითარების ბანკის“ განცხადებით, ახალი კორონავირუსის (Covid-19) ეპიდემია ნეგატიურად აისახება აზიის განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე.

„ბანკის“ განმარტებით, ეს შეიძლება, გამოვლინდეს მრავალი გზით, იქნება ეს შიდა მოთხოვნის, ტურიზმისა და საქმიანი მოგზაურობების შემცირება, ასევე, გავლენა ვაჭრობაზე, მიწოდების ჯაჭვსა, წარმოებასა და ჯანდაცვის სფეროზე.

ეკონომიკური ზარალის ოდენობა ეპიდემიის შემდგომ გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული. ბანკის შეფასებით, ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინებით, ზარალის ოდენობა შეიძლება, მერყეობდეს 77 მილიარდიდან 347 მილიარდ დოლარამდე, რაც შესაბამისად, მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს და 0.4%-ს შეადგენს.

„ბანკის“ განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საგანგებო ზომები და მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები 3 თვეში შემსუბუქდება, ეპიდემიის ეკონომიკური დანაკარგი 156 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ანუ მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს.

„ბანკის“ თქმით, მოსალოდნელია, რომ ჩინეთის დანაკარგი 103 მილიარდ დოლარს შეადგენდეს, ანუ მისი მშპ-ის 0.8%-ს, აზიის განვითარებადი ქვეყნების დანარჩენი ნაწილი კი ჯამურად 22 მილიარდ დოლარს დაკარგავს, რაც მათი მშპ-ის 0.2%-ს შეადგენს.

ორგანიზაციამ 7 თებერვალს განაცხადა, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად 2 მილიონ დოლარს გამოჰყოფს, ხოლო დამატებით 2 მილიონ დოლარს ბანკისგან განვითარებადი ეკონომიკის მქონე წევრი სახელმწიფოები მიიღებენ. „აზიის განვითარების ბანკის“ თქმით, ის მზადაა, დამატებითი ფინანსური დახმარება გაუწიოს მათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები