კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს საზღვრის კვეთისას დამატებითი შეზღუდვები დაწესდა
კორონავირუსის COVID-19 გავრცელების მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისთვის:
მოუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში, კერძოდ: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოს დაბრუნებისას ვალდებული ხართ, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროთ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი ხართ, გაიაროთ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა.
სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის:
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) გავლით:
– ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან, გაიარონ 14 – დღიანი საკარანტინო პროცედურა; ან – უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) PCR მეთოდით შემოწმების ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.