თეზი გაბუნიას „ლუვრის დატბორვა“ ნიუ-იორკის არმორი შოუს „ჰიტად“ იქცა

ნიუ-იორკის ცნობილი არტბაზრობა არმორი შოუ (Amory Show) წლეულს 107-ედ იმართება და 31 ქვეყნის 180 გალერეას მასპინძლობს. იგი 5 მარტს გაიხსნა და 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მართალია, მათ შორის არცერთი ქართული გალერეა არ მონაწილეობს, მაგრამ აქ შეხვდებით ქართველი არტისტის თეზი გაბუნიას ვიდეონამუშევარს: „ლუვრის დატბორვა“. ახალგაზრდა ქართველ ხელოვანს გზა არმური შოუსკენ ბერლინის „გალერიე კორნფელდმა“(Galerie Kornfeld) გაუხსნა. თეზის ნამუშევარი უმალ დამთვალიერებლისა და კრიტიკის ყურადღების ცენტრში მოექცა.
გამოფენის პირველივე დღეს ბერლინის გალერეა მისი ვიდეოარტის გამო ათ საუკეთესო გალერეას შორის დასახელდა, Artsy.net-ის ექსპერტმა ალინა კოენმა ნიუ-იორკის, ლოს- ანჯელესის, სან-ფრანცისკოს და ლონდონის გალერეებთან ერთად უძლიერესად მიიჩნია ბერლინური გალერეა და მისი წარმდგენი თეზი გაბუნია. გუშინვე Artnet’news-ზე გამოჩნდა სარა კესკოუნის სტატია, სადაც იგი მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი მხატვრის არტს და ყველაზე საყურადღებო და გამჭრიახ ნიმუშად ესახება გარდაუვალი გლობალური საფრთხეების ეპოქაში, როცა წყალდიდობა, დამანგრეველი ქარიშხლები და ახლად შემოჩენილი კორონავირუსი ასეთ საგანგაშო საფრთხეს უქმნის პლანეტას.
თეზი გაბუნიამ თავის „ლუვრის დატბორვას“ რეალურად მომხდარი ამბავი დაუდო, მაგრამ იგი საკუთარ წარმოსახვით ვერსიაში გაცილებით გააღრმავა და წყლის დონე რამდენიმე მეტრით ასწია, რაც მის ვიდეოში ანადგურებს საკაცობრიო ღირებულების საგანძურს, კერძოდ, ლუვრში დაცულ რუბენსის ტილოებს.
2018 წელს გახსოვთ, რომ ჭარბი წვიმების დროს სენა მართლაც გადმოვიდა ნაპირებიდან და გაჩნდა ლუვრის ქვედა სართულების დატბორვის საშიშროება. იმხანად, 30 000-ზე მეტი არტეფაქტი ზედა სართულებზე გადაიტანეს წყალდიდობის შიშით.
საბედნიეროდ, შიში არ გამართლდა, მაგრამ თანამედროვე არტისტის კრედო სწორედ ისაა, რომ მან ცხადად დაინახოს და განჭვრიტოს ის მოსალოდნელი საფრთხე (რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ისეთი სიმძფრით არ არის აღქმული), რომელიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა მომხდარიყო?!
აი ამ საფრთხეებსა და მოსალოდნელ საშიშროებაზე ფიქრს ასწავლის ქართველი არტისტი თანამედროვე ადამიანს. როგორი აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნება კაცობრიობისთვის ბუნების ამგვარი ამბოხი და გალაშქრება? და სანამ ეს არ მომხდარა, ადამიანებს ეძლევათ შანსი, იფიქრონ, რათა ყოველი შემდგომი ნაბიჯი იყოს მკაცრად მოზომილი და პასუხისმგებლობით სავსე.
თეზი გაბუნიას ვიდეონამუშევარი გაფრთხილებაა შესაძლო კატასტროფაზე, რაც კაცობრიობის შემდგომ არსებობას ემუქრება. ამ წუხილით თეზი გაბუნია ძალიან ახლოს არის გენიალურ ვაჟა-ფშაველასთან, რომლის მხატვრულ შემოქმედებასა და პუბლიცისტიკაში ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინათ ეკავა მნიშვნელოვანი ადგილი აღნიშნულ თემას (ამ მხრივ იგი ნამდვილი წინასწარმეტყველი და წინამორბედი იყო).
სულაც არ მიკვირს, რომ ამერიკაში ასეთი ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა ქართველმა ხელოვანმა. ცარიელ ადგილზე ანაზდეულად არაფერი არ ამოიზრდება, ბევრ რამეს ტრადიცია და ფესვები განსაზღვრავს, ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში სრულიად ბუნებრივია დაიბადოს მსგავსი აზროვნების და პასუხისმგებლობის ხელოვანი, ვისთვისაც ასე ძვირფასია პლანეტისა და ადამიანების ჰარმონიული თანაცხოვრება.
თეზი გაბუნია ამ ორიგინალური ვიდეონიმუშით დარწმუნებული ვარ, უამრავ თანამოაზრესა და დამფასებელს შეიძენს ნიუ-იორკში, რაც შესამჩნევად გაზრდის და განავრცობს მის არტისტულ რეპუტაციას. მაისის თვეში კი თბილისის რიგით მესამე არტბაზრობის დღეებში მის ახალ მასშტაბურ და ამბიციურ პროექტს უნდა ველოდოთ, თეზი გაბუნია „ლუვრის დატბორვის“ ცოცხალი ვერსიის შექმნას და ნამდვილ წყალუხვობას გეგმავს. თუ როგორ? ეს ჯერჯერობით ავტორის საიდუმლოდ რჩება…

გიორგი ლალიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები