„მოდი ნახეს“ ციხის არქიტექტურული კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ფონდ „ქართუსა“ და საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლობის საფუძველზე, „მოდი ნახეს“ ციხის არქიტექტურული კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრულმაშტაბიანი რესტავრაციის საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც ადგილობრივი გამგეობის დაფინანსებით სააგენტოს საპროექტო სამსახურის არქიტექტორებმა მოამზადეს, ფიზიკური სამუშაოები შპს „კირთხურომ“ შეასრულა, სარესტავრაციო პროცესი კი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

შესრულებული სამუშაოების შედეგად:
აღდგა ორივე კოშკზე შემავსებლისგან გამოფიტული საპირე წყობები ავთენტური ქვის მასალით.
კირდუღაბით მოეწყო საპირეებს შორის ბუტის წყობა.
ნაწილობრივ აღდგა კოშკებს შორის ციხის კედელი.
„მოდი ნახეს“ ციხის რესტავრაცია 2018 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და მისი აღდგენა 2019 წელს დასრულდა.
„მოდი ნახეს“ ციხე წარმოადგენს გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს იმერეთის მხარეში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. აშენებულია XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ. ციხე იყო ფალავანდიშვილებისა და შემდეგ საჩხერელი წერეთლების რეზიდენცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები