102,7 მილიონი განათლების ხარისხის ასამაღლებლად – მსოფლიო ბანკის დახმარება საქართველოს მთავრობას
მსოფლიო ბანკი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას განათლების ხარისხის ამაღლების პროექტით დაუჭერს მხარს.
საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა დღეს ახალი პროექტის, სახელწოდებით „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ დაწყების შესახებ განაცხადეს. 102.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა ისახავს მიზნად.
„ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის განვითარებას. გვჯერა, რომ ინოვაციური, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის განათლება აუცილებელია ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის და შესაძლებელს გახდის იმ სხვაობის შემცირებას, რომელიც სწავლის შედეგებსა და შრომის ბაზრის მოლოდინებს შორის არსებობს კადრების კვალიფიციურობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.
მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროექტის ინფრასტრუქტურული კომპონენტი უზრუნველყოფს ხუთი ახალი სკოლის მშენებლობას, დაახლოებით, 60 არსებული სკოლის რეაბილიტაციას, ასევე, სკოლისთვის მოსამზადებლად ბავშვზე ფოკუსირებული და თანამედროვე სკოლამდელი განათლების 150-ზე მეტი პროგრამის დანერგვას. მთლიანობაში, პროექტი სარგებელს მოუტანს სკოლამდელი ასაკისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაახლოებით 116, 000 მოსწავლეს.
პროექტი, ასევე, უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის პრინციპებით მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისა (სოფლებისა და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების), ეთნიკური უმცირესობებისა და განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას. შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი განახლებული აკადემიური პროგრამებისათვის გამოყოფილი 45-მდე გრანტის მეშვეობით პროექტი, ასევე, დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, აღნიშნული პროექტი ხელშესახებ და მდგრად შედეგებს მოიტანს განათლების სისტემისთვის.
პროექტი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2019 წლის 29 მაისს დაამტკიცა და დაფინანსების ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა იმავე წლის 18 ივნისს.