კახა კალაძე: უხერხულია, უგულავას პოლიტიკური პატიმარი დაარქვა, ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს კრიმინალები, რომლებიც კონკრეტულ საქმეზე არიან დაკავებული
“ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს კრიმინალები, ადამიანი 50 მილიონს როცა იპარავს, უბრალოდ უხერხულია, მას პოლიტპატიმარი დაარქვა”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე “ევროპული საქართველოს” წევრის, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას.
„ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს კრიმინალები, ვინც არიან დაკავებული კონკრეტულ საქმეზე. ადამიანი 50 მილიონს როცა იპარავს, უბრალოდ, უხერხულია, მას დაარქვა პოლიტპატიმარი. უბრალოდ უხერხულია, მგონია, რომ თქვენც, ჟურნალისტებს გეუხერხულებათ ამ კითხვის დასმა”,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება.
გიგი უგულავამ თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას მიმართა და აღნიშნა, რომ მისი პატიმრობა შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.