თბილისში “საქართველო – აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი” გაიმართება

დღეს თბილისში “საქართველო – აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი” გაიმართება. „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით გამართულ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე – ეკატერინე მიქაბაძე; აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში – დურსუნ ჰასანოვი; BP საქართველოს დირექტორი – ენ დევისი, „სოკარის ენერგი ჯორჯიას“ გენრალური დირექტორი – მაჰირ მამედოვი, „კასპიის ევროპული კლუბის” აღმასრულებელი დირექტორი – ტელმან ალიევი, „პაშა ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი – ასაფ ჰუსეინოვი, „აზების“ თავმჯდომარე – ნარიმან გურბანოვი.

ბიზნეს ფორუმს დაესწრებიან ქართული და აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლები ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის, საფინანსო, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, კვების, ინდუსტრიული წარმოებისა და მშენებლობის, იურიდიული მომსახურების, საკონსულტაციო, აუდიტორული, ტურიზმის, სამედიცინო და სხვა სექტორებიდან.

ფორუმის ფარგლებში, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა“ და „აზებს“(აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაცია) შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე, ღონისძიების მეორე ნაწილში დაგეგმილია პრეზენტაციების წარდგენა ქართული და აზერბაიჯანული კომპანიების მიერ.

ფორუმის მიზანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარება. მომავალ წელს ბიზნესფორუმი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება.

ღონისძიების გენერალური პარტნიორები არიან კომპანიები BP, „სოკარი“,“პაშა ბანკი”, ხოლო პარტნიორები – „ყულევის ნავთობ ტერმინალი“, „ემბავუდი“, „ჰუალინგი ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ და „ლუკა პოლარე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები