იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა
“იტალიაში, ქალაქ ვიტერბოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქე ქალს კორონავირუსი დაუდგინდა”, – ამის შესახებ დღეს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად, ინფიცირებული რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
“საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონა ვირუსზე და, დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, დამაკმაყოფილებელია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე – მისი ოჯახის წევრებსა და კლინიკის ხელმძღვანელობასთან”, – ნათქვამია პრემიერი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.