სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს უმძიმესი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები
“საქართველოს უმძიმესი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის დროს განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველომ, რომელმაც 70 წელი ჩაკეტილ საბჭოთა საზღვრებში, დანარჩენი მსოფლიოსგან მოკვეთილმა, სრულ იზოლაციაში გაატარა, ამ ოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიოსთან დაბრუნების ახალი გზა გაიარა.
„დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა, პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა კუთხეში დაიმკვიდრეს თავი; საზღვრები ღიაა ჩვენთვის, ჩვენი საზღვრები კი – სხვისთვის და, რაც მთავარია, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ჩვენგან დამოუკიდებლად, ხოლო ჩვენთან მიმდინარე მოვლენები – მსოფლიოსგან დამოუკიდებლად ვეღარ მოიაზრება.
ჩვენ თვალწინ ახალი საერთაშორისო ურთიერთობები ყალიბდება ამერიკას, ევროკავშირსა თუ რუსეთს შორის, ახლო აღმოსავლეთსა თუ შორეულ აზიაში. გუშინდელი მტრები დღეს მოლაპარაკებებს იწყებენ, ან – პირიქით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს მძლავრ ცვლილებებთან ერთად, საქართველოს საკუთარი, უმძიმესი გამოწვევები აქვს.
„ჩვენი რეგიონის ირგვლივ არ ცხრება კრიზისები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება, მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს.
ამავე დროს, საქართველოს წინაშეა საკუთარი, უმძიმესი გამოწვევები: ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები; რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობასთან და სუვერენობასთან კვლავინდებურად შეუგუებელია და მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს უშლის.
ბოლო პერიოდში გაჩნდა ჩვენთვის ახალი და მძიმე გამოწვევა – მიგრაციის უწყვეტი ტალღა, რომელიც ისედაც რთულ დემოგრაფიულ მდგომარეობას უფრო ამძიმებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.