ამირან გამყრელიძე: 217 შესაძლო შემთხვევიდან საქართველოში კორონავირუსი კვლავ 3 პაციენტს აღენიშნება

“ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ქვეყანაში არ დადასტურებულა”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კარანტინში, დღევანდელი დღის მონაცემებით, დაკვირვების ქვეშ 150-მდე ადამიანი იმყოფება.

“ჩვენთან დაფიქსირებული იყო 217 შესაძლო შემთხვევა. ისინი იყვნენ და არიან კვლევის ფაზაში. აქედან დღევანდელი რიცხვით ფიქსირდება მხოლოდ სამი დადებითი შემთხვევა. ანუ ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. სამივე პაციენტი, რომელიც მოთავსებულები არის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში, თავს გრძნობს კარგად, მხოლოდ ერთთან არის მცირე სიმპტომები. ზოგადი კლინიკური მდგომარეობა სამივე ავადმყოფის დამაკმაყოფილებელია.

კარანტინში, დღევანდელი დღით, დაკვირვების ქვეშ იმყოფება 150-მდე ადამიანი, როგორც მოგეხსენებათ, ისინი განთავსებული არიან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში. ეს გახლავთ აბასთუმანი, საჩხერე, ტუბ-საავადმყოფოს ცენტრალური ბავშვთა განყოფილება, “ვივამედი”. ასევე, იღებს საკარანტინოდ და შესაძლებელია გარკვეულად მონიტორინგისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში და ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო. საავადმყოფოებში შესაძლო ნიშნებით, კლინიკური სიმპტომებით გახლავთ ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტი მოთავსებული, 5 სეფსის ცენტრში და 7 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში. ასევე, დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად შესული იყო 23 ნიმუში და ყველა ეს ნიმუში გახლავთ უარყოფითი. ამჟამად, შესულია დამატებით 6 ნიმუში, რომელთა კვლევა მიმდინარეობს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები