ამირან გამყრელიძე: დარწმუნებული, ვარ რომ კორონავირუსის შემთხვევები კიდევ იქნება, მთავარია, რომ ეს ადამიანები დროზე იყვნენ იდენტიფიცირებულნი
“არ უნდა შეგვეშინდეს, რომ კორონავირუსის შესაძლო შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება, მთავარია, რომ რაც შეიძლება ნაკლები დადასტურებული შემთხვევა შევინარჩუნოთ”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, რომ კორონავირუსზე ადამიანების იდენტიფიცირება დროულად მოხდეს.
“დილის მონაცემებით, შესაძლო შემთხვევათა რიცხვი, რა თქმა უნდა, იზრდება ანუ ვინც ექვემდებარება გამოკვლევას, 190-ს გადასცდა. ამ ეტაპზე, ვირუსის მხოლოდ სამი დადასტურებული შემთხვევაა. როდესაც შესაძლო შემთხვევათა რიცხვი იზრდება ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვართ. არ უნდა შეგვეშინდეს, რომ შესაძლო შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება. მთავარია, რომ შევინარჩუნოთ რაც შეიძლება ნაკლები დადასტურებული შემთხვევები. დარწმუნებული ვარ, რომ დადასტურებული შემთხვევები კიდევ იქნება და აქაც მთავარია, რომ ეს ადამიანები დროზე იყვნენ იდენტიფიცირებული”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში, ამ ეტაპზე, კორონავირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.