ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია კომაშია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ასლან ბჟანია, სოჭის ერთ-ერთ კლინიკაში მედიკამენტოზურ კომაში იმყოფება.

როგორც “ინტერფაქსს” სამედიცინო წრეებში წყარომ განუცხადა, მედიკამენტოზურ კომაში იმიტომ შეიყვანეს, რომ მისი ტრანსპორტირება კრასნოდარის კლინიკაში მოხერხდეს.

კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ბჟანია “მძიმე მდგომარეობაში იმყოფება”.

ასლან ბჟანიამ თავი შეუძლოდ, დღეს დილით იგრძნო, რის გამოც ის სოჭის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მომხდართან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა, ასევე ე.წ. ჯანდაცვის მინისტრ, თამაზ წახნაკიას რუს კოლეგასთან დაკავშირება დაავალა, რომ მოხდეს ოპერატიული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

ამასთან, ე.წ. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ე.წ. საარჩევნო კამპანიას წყვეტს.

ასლან ბჟანია 2019 წლის გაზაფხულზე, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მოწამლეს. ის მკურნალობას ჯერ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა, შემდეგ მისი გადაყვანა გერმანიაში მოხდა.

მომხდარმა ოკუპირებულ აფხაზეთში ვნებათაღელვა გამოიწვია, რის გამო ე.წ. არჩევნების გამართვა 26 აგვისტოსთვის გადაიდო, თუმცა ბჟანიამ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო, და ოპოზიციას ალხას კვიწიანია წარმოადგენდა.

ე.წ. არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ კვიწინიას მინიმალური სხვაობით მოუგო, რის გამო ოპოზიციამ სასამართლოში სარჩელი შედეგების გაუქმების მოთხოვნით შეიტანა.

საბოლოოდ, ე.წ. რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ, იანვარში სოხუმში ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენების ფონზე, ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ე.წ. ცესკომ კი, ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტისთვის დანიშნა.

ასლან ბჟანია ე.წ.არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა, ის გაერთიანებულ ოპოზიციას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები