ამირან გამყრელიძე: არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული
არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული, ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ საპატრიარქოსთან ხშირი კავშირი აქვთ და კორონავირუსთან დაკავშირებითაც შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.
„საპატრიარქოსთან ხშირი კონტაქტი გვაქვს. ორი კვირის წინ, როდესაც ჩინეთს გარეთ უკვე შემთხვევების რაოდენობამ იმატა, საპატრიარქოს სამედიცინო სამსახურის მოთხოვნით შეხვედრა გვქონდა. ჩვენს მთავარ ეპიდემიოლოგს, ყველაზე კომპეტენტურს, ბევრად კომპეტენტურს, ვიდრე მე ვარ ამ შემთხვევაში, ხათუნა ზახაშვილს ვთხოვე და მან ჩაატარა დაახლოებით 2 საათიანი შეხვედრა თბილისში, საპატრიარქოში, როგორც მამაოებთან, ისე დედაოებთან. გაიგზავნა შესაბამისი რეკომენდაციები და გზავნილები. ერთ-ერთი მეუფის თხოვნით, მსგავსი შეხვედრა ეპარქიაშიც გაიმართა.
არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ. ხოლო რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს, მოგეხსენებათ, საპატრიარქო მაღალრეიტინგული და მოსახლეობისადმი საპატივცემულო ინსტიტუციაა საქართველოში და ამ საკითხებს თვითონ წყვეტს, ჩვენ ზოგად რეკომენდაციებს ვიძლევით“,-განაცხადა გამყრელიძემ.