საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, იტალიაში მგზავრობისგან თავი შეიკავონ
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში იტალიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ამასთან, სამინისტრო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი მთავრობის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
“იტალიის რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონებში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ იტალიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც მაღალია დაინფიცირების შემთხვევები, მგზავრობისგან, ესენია: ლომბარდია, ვენეტო, ემილია-რომანია მგზავრობისგან და ასევე იმ რეგიონებში მგზავრობისგან, სადაც არის დაინფიცირების ცალკეული შემთხვევები, ესენია: ლაციო, აბრუცო, ბაზილიკატა, კამპანია, პულია, კალაბრია, სიცილია, მარკე, ფრიული-ვენეცია-ჯულია, ტოსკანა, პიემონტე, ბოლცანო, ლიგურია.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ გაითვალისწინონ ის გარემოებაც, რომ რომ ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება იტალიის მიმართულებით ავია მიმოსვლის დროებით შეჩერების ან ფრენების სიხშირის შეზღუდვის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მგზავრობის შესაძლებლობას იტალიის მიმართულებით და პირიქით.
იტალიაში მყოფ საქათველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქ. რომში ცხელი ხაზის ნომერზე +333 8879123.
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც აქვს იდენტიფიცირებული საკუთარი თავი საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, ასევე იტალიაში მოქმედ საქართველოს დიასპორულ ორგანიზაციებს უგზავნის რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისთვის მისაღები საჭირო ზომების და მათ შორის არსებული შეზღუდვების შესახებ,”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.