გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ე.წ „საქმიანი ეზო“ მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ე.წ „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში  მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, დავით ალადაშვილი ადგილზე გაეცნო.

ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით,  ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“ ორგანიზებულად განახორციელებს. აღნიშნული ცვლილება მოსახლეობას და კერძო სექტორს  მათთვის სასურველ პერიოდში ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას გაუადვილებს.

მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილების გარდა, რაც ამ ეტაპზე სოციალური ჭრების ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას გულისხმობს, სააგენტო საკუთარი ძალებით, კერძო სექტორის ჩართულობით, ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოებს ყველა რეგიონში აგრძელებს.

ამჟამად სამუშაოები  11 ობიექტზე მიმდინარეობს (კახეთში -ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო;  იმერეთში – ზესტაფონი, სამცხე-ჯავახეთში – ბაკურიანი, ბორჯომი, წაღვერი, ასპინძა, ჩორჩანა).

წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ  26  „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, ტყით სარგებლობა მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, გაცილებით ეფექტურად განხორციელდება, შემცირდება ტყეზე უარყოფითი ზემოქმედება, ასევე, უკანონო ჭრების რისკები არსებითად შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები