იმერეთის რეგიონში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები სრულდება
იმერეთის რეგიონში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები სრულდება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი გაეცნო. სამუშაოები ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 14 ობიექტზე – სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთში მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „საქმიანი ეზო“ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. ტყით სარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“ ორგანიზებულად განახორციელებს. აღნიშნული ცვლილება მოსახლეობას და კერძო სექტორს მათთვის სასურველ პერიოდში ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას გაუადვილებს.
აღსანიშნავია, რომ ტყის ახალი კოდექსი, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილების გარდა, რაც ამ ეტაპზე სოციალური ჭრების ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას გულისხმობს, სააგენტო აგრძელებს საკუთარი ძალებით, კერძო სექტორის ჩართულობით, ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოებს ყველა რეგიონში. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, ტყით სარგებლობა მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, განხორციელდება გაცილებით ეფექტურად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი ზემოქმედება, ასევე, უკანონო ჭრების რისკები არსებითად შემცირდება.