ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ყველა უწყებასთან და მზად ვართ, ვმართოთ ყველა პროცესი
„ჯანდაცვის სამინისტრო არის მუდმივ კოორდინაციაში ყველა უწყებასთან და მზად ვართ, ვმართოთ ყველა პროცესი, გავუწიოთ რეკომენდაციები და დავეხმაროთ პროცესის მართვაში”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გამართული კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 170-მდე მგზავრი იმყოფება.
“ამ ეტაპისთვის 170-მდე მგზავრი იმყოფება კარანტინის რეჟიმში. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და იმ მზაობისთვის და რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ჩვენ ვუწევთ მათ.
ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მგზავრებს, რომლებიც სამომავლოდ იდენტიფიცირებული იქნებიან და გამოხატავენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და ნებას, რომ მოახდინონ საკუთარი თავის თვითიზოლაცია და ასევე მოთავსდნენ კარანტინში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.