გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება

1 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.
როგორც „კვირას“ გოეთეს ინსტიტუტიდან აცნობესმ გერმანული ენის ეროვნულ ოლიმპიადაში გამოვლენილი გამარჯვებულები საქართველოს სახელით გერმანიაში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან, რომელიც დრეზდენში 2020 წლის 26 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.
ეროვნული ოლიმპიადის ფინალური ეტაპის ჟიური გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის საელჩოს, გერმანული საერთაშორისო სკოლისა და გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან შედგება.
1 მარტს გოეთეს ინსტიტუტში სართაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის საგზურების მოსაპოვებლად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობდა თბილისისა და საქართველოს რეგიონების გერმანულენოვანი საჯარო სკოლების 62 საუკეთესო მოსწავლე. საფინალო ეტაპზე მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გამოცდაში, რომელიც ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს B2 საფეხურს შეესაბამება.
ფინალური ტური 2 რაუნდად ჩატარდება: წერითი და ზეპირი გამოცდა. წერილობითი გამოცდის შემდეგ 62 მონაწილიდან ზეპირ ეტაპზე 21 რჩეული მოსწავლე გადავა. ზეპირი გამოცდა საჯარო ჯგუფური პრეზენტაციებისგან შედგება, როდესაც მოსწავლეების ენობრივი ცოდნის გარდა მათი კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნების უნარი შეფასდება.
გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიოს მასშტაბით გერმანულ ენაში ყველაზე დიდი კონკურსია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გერმანიაში ტარდება და მასში 5 კონტინეტის დახლოებით 75 ქვეყნის მოსწავლე მონაწილეობს. ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები საერთაშორისო დონეზე ეჯიბრებიან ერთმანეთს ენის ცოდნაში, ჯგუფური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებში. გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გერმანული ენისადმი ინტერესისა და ტოლერანტობის გაღრმავებას, მათთვის გერმანული კულტურული მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაცნობას.
გასულ წლებში საერთაშორისო ოლიმპიადა დრეზდენში (2008), ჰამბურგში (2010), ფრანკფურტში (2012,2014), ბერლინსა (2016) და ფრაიბურგში (2018) გაიმართა.
ინფორმაცია ვებგვერდზე: https://www.goethe.de/ins/ge/de/spr/unt/ver/id2.html
მისამართი: ზანდუკელის ქ. №16, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები