ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით, თემატური მოკვლევის ჯგუფმა უსახლკარობის საკითხებზე მორიგი სხდომა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით, საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი უსახლკარობის საკითხებთან დაკავშირებით მუშაობას განაგრძობს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ აუცილებელია არსებობდეს პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება უსახლკარობის პრობლემის დამარცხება. ამისთვის მთელი რიგი სამუშაოებია ჩასატარებელი.

ამისთვის მუშაობს საქართველოს პარლამენტში თემატური მოკვლევის ჯგუფი და იმედი მაქვს, რომ ამას ექნება თავისი შედეგები”,-ამის შესახებ თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ჯგუფის მეორე შეხვედრაზე განაცხადა.

ზაზა გაბუნიას თქმით, პირველ ზეპირ მოსმენაზე, სადაც თემატური მოკვლევის ჯგუფის წინაშე სახალხო დამცველის აპარატის, ღია საზოგადოება საქართველოსა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლებს მოუსმინეს, გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რაც დამატებით მუშაობას, დახვეწას და სრულყოფას საჭიროებს, მათ შორის, ტერმინის არასრულფასოვნების, პოლიტიკის დოკუმენტის და შესაბამისი სტატისტიკის არსებობის, აღსრულების სტანდარტების შეუსაბამობის მიმართულებით.
სწორედ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია ჯგუფის ფორმატში, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ჯგუფის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს და კონკრეტულ საკითხებზე უწყებების პოზიციები და მოსაზრებები წარადგინეს.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს, საბინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით, საკუთრი ინიციატივა წარუდგინა ასევე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანია შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და გარემოებათა გათვალისწინებით გასცეს ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც ორიენტირებული იქნება უსახლკარო პირთა წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაზე. სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფისთვის. ჯგუფმა უნდა შეიმუშავოს ხედვა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის სახით, რაც ეტაპობრივად უპასუხებს უსახლკარობის გამოწვევებს საქართველოში.

თემატური მოკვლევის ბოლოს, მოკვლევის ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნას და დასკვნიდან გამომდინარე რეკომენდაციების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები