ამირან გამყრელიძე: ყველა, ვისაც შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონოდა, 14 დღის განმავლობაში იზოლირებული იქნება

კორონავირუსის თავიდან აცილებისთვის მთავარი რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, მოგზაურობისგან თავი შეიკავონ,- ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა, ვისაც შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონოდა, 14 დღის განმავლობაში იზოლირებული იქნება.

„მთავარი რეკომენდაციაა, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ჩვენი მოსახლეობისთვის, მოვერიდოთ მგზავრობას, განსაკუთრებით დასნეულებულ ქვეყნებში. პირველ რიგში ეს გახლავთ ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია და კიდევ ჩამოთვლილი ის 38 ქვეყანა, მაგრამ ზოგიერთში გახლავთ მხოლოდ ერთეული შემთხვევები, ამიტომ იქ არ იკრძალება. ზოგადად, ხაზს ვუსვამ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით არ იკრძალება მოგზაურობა, მაგრამ სიფრთხილით ვეკიდებით და სადაც ჩავდივართ უნდა განვახორციელოთ ის პრევენციული საშუალებები, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა. ამიტომ ყველაზე მთავარი პრევენციული საშუალება გახლავთ პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც შეიძლება ხშირად ხელების დაბანა, სველი წესით დალაგება, ხშირად განიავება. თუ საქართველოში დასნეულებული ქვეყნებიდან ვბრუნდებით და 14 დღის განმავლობაში, რადგან 14 დღე არის ინკუბაციური პერიოდი, გვეწყება სიმპტომები, რომლებიც გამოიხატება ტემპერატურით, ხველით, სუნთქვის გაძნელებით, ქოშინით, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ჩვენს ოჯახის ექიმებს, სამედიცინო დაწესებულებას ან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოებს. იქ ჩატარდება კვლევა. დადასტურებულ შემთხვევად ითვლება მხოლოდ ის შემთხვევა, სადაც ლაბორატორიულად დადასტურდება. ლაბორატორიული სიმძლავრეები ქვეყანაში საკმარისია, ლაბორატორიული კვლევა წარმოებს ლუგარის ცენტრში, კვლევას დაახლოებით 4-დან 5 საათამდე სჭირდება, სიმძლავრეები სერიოზულია. გვაქვს მარაგები დაახლოებით 2 000 კვლევაზე და მეტზე. თუ დამატებით დაგვჭირდა კიდევ, გვაქვს საშუალება, სწრაფი ტემპით მივიღოთ, არავითარი დაბრკოლება არ არის. დღე-ღამის განმავლობაში მუშაობის საშუალება არის, რომელიც გვაძლევს საკმაოდ დიდი რაოდენობით კვლევის ჩატარების საშუალებას, ამ შემთხვევაში დაბრკოლება არ არის. დიახ, ინფექცია დაფიქსირდა პირველად ქვეყანაში, შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, ჩვენს მეზობელ ქვეყანას, რადგან ინფექცია დაფიქსირდა აზერბაიჯანის გავლით საქართველოში მომავალ ადამიანზე, საქართველოს მოქალაქეზე. აზერბაიჯანის ჯანდაცვის შესაბამის უწყებებთან იყო კონტაქტი, სადაც აქვთ დაწყებული მუშაობა შესაძლო კონტაქტების მოძიებაზე. ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ტვირთი გადადის ეპიდემიოლოგებზე, რომლებმაც მოიძიეს საქართველოში ყველა შესაძლო საბაჟოზე კონტაქტი, საზღვარზე გამტარი კონტაქტი, რადგან პაციენტი პირდაპირ იქნა გადმოყვანილი და მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონდა. ყველა ეს კონტაქტი იზოლაციაშია და 14 დღის განმავლობაში იქნებიან შესაბამის საიზოლაციო სივრცეში”, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები