ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ამის შესამცირებლად ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული

საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს და ყველა უწყება ერთობლივად მუშაობს.

„ამ ეტაპისთვის ახალ სუბიექტებზე საფრთხე გამოვლენილი არ არის, თუმცა დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს. ლუგარის ლაბორატორია მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით განცხადებას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს. პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. საგარეო საქმეთა მინისტროც აქტიურად არის ჩართული, ასევე სასაზღვრო სამსახურიც. აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გვაქვს შემომავალ მგზავრებზე, ასევე იმ მგზავრებზე, რომლებიც ამ ეტაპზე დაკვირვების პროცესში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ახალი კორონავირუსის გამო დამატებითი რეგულაციების შემოღება, მინისტრმა განაცხადა, რომ დამატებითი რეგულაციები უკვე შემოღებულია, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო.

„თუ საჭირო გახდება, კიდევ უფრო გამკაცრდეს სასაზღვრო ზოლის დაცვა, რა თქმა უნდა, ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ არ ვართ მომხრე, სრულიად ავკრძალოთ საქართველოში შემოსვლა, ვინაიდან საკმარისი რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ პრევენციული კონტროლი გვქონდეს და შემოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაბამისი დახმარება ესაჭიროებათ, მოვათავსოთ ისინი სტაციონარში ან კარანტინში გვყავდეს იზოლირებული“,-განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები