მიხეილ კალანდიას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს
გადაწყვეტილება პოლიტიკურად ანგაჟირებულია, – ასე შეაფასა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის, მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.
მისივე თქმით, ქვეყანა დავალებებით იმართება.
“მე ვთქვი, რომ თუ მოსამართლე მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მიიღო ეს იქნებოდა პოლიტიკური. ასეც მოხდა. ჩვენი მოლოდინი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მოსამართლე შეინარჩუნებდა თავის მორალურ სახეს, სამართლებრივს და გამოიტანდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სინამდვილეში უნდა გამოეტანა. მაგრამ, როგორც ხედავთ დავალებით ხდება ყველაფერი და პოლიტიკურად არის ყველაფერი ანგაჟირებული. დავალებებით იმართება ქვეყანა. ეს დავალება შესრულდა. ვის ხელშიცაა ძალაუფლება, იმის დავალებით ხდება ყველაფერი”,- განაცხადა ლუკა კალანდიამ.
მისივე თქმით, ოჯახი აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივროს.
შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.