გია ვოლსკი: ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო, რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის
ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო, რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ განცხადებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით.
ვოლსკის თქმითვე, მისთვის პრიორიტეტულია ის რასაც მსოფლიო საქართველოს დასაცავად აკეთებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ბრძოლა, ან ცხელ ფაზაში გადასული დაპირისპირებები არის ის რეალობა, რაც მსოფლიოში შეიქმნა. ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო, რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის და ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, ჩვენი დელეგაცია ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე სიაზე საუბრობს. მხოლოდ ჩვენები აღარ საუბრობენ, ყველა ფორუმზე მათი სახელები ისმის. საქართველოსთვის დახმარებაც ძალიან დიდია. რუსეთის მიმართ დაწესებული ის მოთხოვნებიც გასათვალისწინებელია, რაც მსოფლიოს აქვს. ჩემთვის პრიორიტეტია, რასაც მსოფლიო ჩვენს დასაცავად რუსეთის მიმართ აკეთებს. სიაც არის გამოყენებული და კონკრეტული გადაწყვეტილებებიც სახეზეა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” ლიდერები ფიქრობენ, რომ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სია უმრავლესობამ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად მიიღო. სიის მიღების შემდეგ კი არც ერთი დამნაშავე ჩამონათვალს არ დამატებია.