ცუცქირიძე მერაბიშვილზე: მეტი არ არის ჩემი მტერი, ესენი შეიცვალონ და წარსულზე რაიმე სინანულს გრძნობდნენ
მეტი არ არის ჩემი მტერი, ესენი შეიცვალონ და წარსულზე რაიმე სინანულს გრძნობდნენ, არც კუდი ძაღლისა არ განემართების და არცა კირჩხიბი მართლად ვალს, – ასე ეხმაურება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ყოფილი შინაგან მინისტრის ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას.
ცუცქირიძის თქმით, მათ, ვინც მერაბიშვილის მიერ საპატიმროს კართან გაკეთებულ განცხადებებეს ემიჯნებიან, დაავიწყდათ, რომ მთელი მათი მხარდამჭერი მედიასივრცე უხვად არ იყო ნაზავი ხელისუფლების დამხობის სცენარებთან.
“ახლა ვანოს გამოშვებაზე რომ ერთი ამბავია ატეხილი, დავსქროლე და ჰოი საოცრებავ, შალიკოს შტაბკვარტირის ბინადართა ნაწილი თურმე მის ციხის კარებთანვე გაკეთებულ განცხადებას ემიჯნებიან თურმე ხელისუფლების “დამხობაზე”. ისე ამ ადამიანების მოკლე მეხსიერების გამკვირვებია, ნოემბრიდან მოყოლებული, მთელი მათი მხარდამჭერი მედიასივრცე უხვად არ იყო ნაზავი ხელისუფლების დამხობის სცენარებთან. მიტაცებულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, კონსტიტუციონალურ კრიზისზე, თუ ქვეყნის გადარჩენის და ერთი ყველას წინააღმდეგ რევოლუციურ მიზანსცენებზე ესენი არ ლაპარაკობდენ გაუთავებლად, მაგრამ როგორც ჩანს, მათი ეს თვალთმაქცური გამიჯვნა, არის შედეგი იმ წარუმატებელი სტრატეგიისა, რომელიც ნეგატივის ტირაჟირებაზე, სიცრუეზე და ყველაფერი ძალზე ცუდად არის, მეინსტრიმზე იყო აგებული, რამაც სრული კრახი განიცადა. მათი შეთხელებული და ისტერიამდე დასული ბოლო პერფომანსებიც ამის შედეგია. მეტი არ არის ჩემი მტერი, ესენი შეიცვალონ და წარსულზე რაიმე სინანულს გრძნობდნენ. არც კუდი ძაღლისა არ განემართების და არცა კირჩხიბი მართლად ვალს,”- აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.