ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანს, არასამთავრობო სექტორს, მედიასა და მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა.

2019 წლის საქმიანობის ანგარიშის დასასრულს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას 2020 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ანგარიშს კომპანია RMG-ის კორპორაციული დირექტორის მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი და სოციალური პროექტების მართვის სამსახურის უფროსი დავით მენაბდიშვილი ესწრებოდნენ.

“დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას 2019 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გავაცანი. გასული წელი ყველა მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. 2019 წელმა თავი დაგვამახსოვრა არაერთი მასშტაბური პროექტით, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ შარშან ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შეძლო საკუთარი პოტენციალისა და გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გატანა და გაზიარება, რაც ბოლნისის განვითარებისათვის უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს მუნიციპალიტეტში 2019 წელს 10 575 440 ლარის ღირებულების 124 პროექტი განხორციელდა, რომელიც 100 %-ით არის შესრულებული. გასულ წელს სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებს 4,428,702 ლარი მოხმარდა. დახმარება 9381 მოქალაქეს გაეწია. განათლების კუთხით კი 2019 წელს 1,400,311 ლარი დაიხარჯა”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები