“ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ მზადაა საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებისათვის ევროინტეგრაციისთვისაც კი სცადონ დაბრკოლების შექმნა”

„ამ დღეებში ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი სახე და გამოავლინა ის, რომ ისინი მზად არიან საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებისათვის ევროინტეგრაციისთვისაც კი სცადონ დაბრკოლების შექმნა. ეს პოლიტიკური ძალა, თავისი “ნაციონალური მოძრაობით” და ყველა განშტოებით არის ნამდვილად ანტიევროპული საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამართული ასოცირების კომიტეტის სხდომის პარალელურად შედგა შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, რომლებიც აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის კუთხით.

„საქართველო კვლავაც რჩება ლიდერად, მოწინავე ქვეყნად ამ თვალსაზრისით და საქართველო ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ურთიერთობიდან ევროკავშირთან, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებიდან და ეს პროგრესი ასახული იყო დეკლარაციის პროექტში, რომელიც ესტონელ თანათავმჯდომარესთან ერთად მომზადდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციას ჰქონდა მთელი რიგი მცდელობები ცვლილებები შეეტანა ამ დოკუმენტში – დეკლარაციაში, იყო დოკუმენტის პოლიტიზების მცდელობა და იყო მცდელობა არასწორი ინფორმაცია ასახულიყო ამ დოკუმენტში.

„საბოლოო ჯამში, ასოცირების კომიტეტმა ჩააგდო ოპოზიციის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ დელეგაციას, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი. ასევე, მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მეგობრებს – ევროპარლამენტარებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს შესაბამის ცვლილებებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის” და ანტი-ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ დეკლარაცია არ დამტკიცებულიყო.

„ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი. მასში ასახულია ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა განიცდის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე და ასევე, ასახულია ინფორმაცია ვალდებულებების შესრულების თაობაზე. ამ ფონზე გასაოცარი იყო მათი სიხარული, რომელიც გამოხატეს ამ დოკუმენტის არ დამტკიცებასთან დაკავშირებით.

ჩვენს გვახსოვს, თავის დროზე, როგორ დარბოდნენ ოპოზიციის წარმომადგენელები კაბინეტებში, იმისათვის, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია. ეს არის მათი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის კიდევ ერთი გამოხატულება, თუმცა მაშინაც ჩავარდა მათი მცდელობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეღოთ ვიზალიბერალიზაცია. ეს არის ის მიღწევა, რომლითაც დღეს სარგებლობს ასი ათასობით და მილიონობით საქართველოს მოქალაქე და დღესაც მათი მცდელობა ბუნებრივია, იქნება წარუმატებელი. საქართველო გაგრძელებს წინსვლას ევროინტეგრაციის კუთხით და საქართველო კვლავაც დარჩება ლიდერად ევროინტეგრაციის თვალსაზრისით”, – აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, ეს არ იყო პარტიული დოკუმენტი და მისი არ მიღება არ არის პრობლემა „ქართული ოცნებისთვის” და არც სახელმწიფოსთვის ეს არ შექმნის არავითარ პრობლემას.

„საქართველო, საბოლოო ჯამში, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა. შესაბამისი ჩანაწერი „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით აუცილებლად შესრულდება ყველა ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და ეს გახდება მყარი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს მიზანს, რაც არის ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ნატოში ინტეგრაციასთან ერთად და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები