ოთარ დავითაშვილი: მივესალმებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ყვარელში ზურაბ ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება

5 თებერვალს ეროვნული მოძრაობის ლიდერის, ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის დაბადების დღე იყო. ჭავჭავაძეების სახლში, რომელიც ნიკო ჭავჭავაძემ ააშენა, ოჯახის წევრები, ზურაბ ჭავჭავაძის მეგობრები ყვარლელები შეიკრიბნენ.

ამ ფაქტზე, ეროვნულ გმირზე ზურაბ ჭავჭავაძეზე, მის ღირსეულ წინაპრებზე და მუზეუმის მოწყობის გადაწყვეტილებაზე ყვარლის მედიაცენტრის დირექტორის მოადგილე ოთარ დავითაშვილი წერს.

„ამ ქვეყნად ყველაფერი ღვთის განგებით ხდება. ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმში ჩემი მუშაობის პერიოდში, უფლის ნებით ცხოვრებამ საოცარ ადამიანს შემახვედრა. ეს ადამიანი ჭავჭავაძეთა სახელოვანი და დიდებული გვარის ღირსეული წარმომადგენელი ზურაბ ჭავჭავაძე გახლდათ.
ზურაბი გავიცანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის პირველი სტუმრობისას (პატრიარქის ხარისხში) ყვარელში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმში 1979 წლის 28 სექტემბერს.

შემობრძანდა კათოლიკოს-პატრიარქი წმიდა ილია მართლის მშობლიურ კარ-მიდამოში და იქ მყოფებმა მივიღეთ ღვთის დიდი მადლი. მის უწმიდესობას თან ახლდა ზურაბ ჭავჭავაძე, მაშინ იგი კათოლიკოს-პატრიარქთან მუშაობდა.

მუზეუმის თანამშრომლები შეხვედრისთანავე მოვიხიბლეთ ზურაბის პიროვნებით. მე ის დამამახსოვრდა, როგორც საოცრად მოხდენილი, ლაღი და რაინდულად შემართული, ვაჟკაცური, დახვეწილი მანერებით და მიმზიდველობით.

შემდგომში ზურაბ ჭავჭავაძემ თავისი მისაბაძი ცხოვრებით გვიჩვენა და დაგვარწმუნა, რომ იგი იყო ღირსეული მამულიშვილი, მიზანდასახული, წმინდა სულით, მგზნებარე გულით, ნათელი გონებით, დიდი ილიას თაყვანისმცემელი და ილიას გზით მავალი. მისთვის ილია და საქართველო სინონიმები იყო.
ზურაბს ღმერთმა დაანათლა კეთილშობილება, დიდსულოვნება, მოყვასის სიყვარული, განსაკუთრებული უნარი ადამიანებთან ურთიერთობისა. მას ადამიანები უყვარდა. იგი იყო ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი.
ადამიანის გონება ვერ მისწვდება ღვთის განგებასა და საიდულმლოებას. ზურაბი ღმერთმა გამოგზავნა საქართველოს ნუგეშად, მაგრამ ვერ გავუფრთხილდით. მისი გარდაცვალებით ქართველმა ერმა დაკარგა სამშობლოს უზომოდ მოყვარული, თავისი ქვეყნისა და ხალხის ერთგული, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი რაინდი.

მალე ყვარელში ზურაბ ჭავჭავაძის მუზეუმი გაიხსნება. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ყვარელში ზურაბ ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით. ყვარლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აქტიურად უჭერს მხარს ამ დიდებულ საქმეს.

ჭავჭავაძეთა ყვარლის შტოს წარმომადგენლები ისტორიულ წყაროებში, მეფეთა სიგელებში მე-15 საუკუნის პირველი ნახევრიდან იხსენიებიან. ჭავჭავაძეების შორეულ წინაპრებად მიჩნეულნი არიან ფაროდი და ოტია ჭავჭავაძეები (მე-15 საუკუნე), იასონ ჭავჭავაძე (მე-16 საუკუნე), პაპუნა და მამუკა ჭავჭავაძეები (მე-17 საუკუნე), ფარემუზ და ბესპაზ ჭავჭავაძეები (მე-18 საუკუნე) და სხვები.

ზურაბის უშუალო წინაპარი, დიდი ნიკო ჭავჭავაძე მრავალი ღირსებით გამორჩეული ვაჟკაცი იყო. კავალერიის გენერალი, ყირიმისა (1853_1856 წ.წ.) და რუსეთ_ოსმალეთის (1877-1878 წ.წ.) ომების აქტიური მონაწილე, დაღესტნის სამხედრო გუბერნატორი. ნიკო ჭავჭავაძემ თავდაუზოგავი მოღვაწეობითა და ქველმოქმედებით დიდი სახელი მოიხვეჭა. მან ჩვენ, ყვარლელებს სალოცავად და ჩვენი სულების სანუგეშოდ დაგვიტოვა ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესია, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის შესანიშნავი ტაძარი.
ზურაბის მამა, აკადემიკოსი ნიკო ჭავჭავაძე ყვარლის მადლიან მიწაზე დაიბადა. იგი დიდი ილიას იდეებზე აღიზარდა და ჩამოყალიბდა როგორც კაცი, როგორც ფილოსოფოსი, მეცნიერი და მოაზროვნე. ბატონი ნიკო რამდენიმე ათეული წელი ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს. მან ილიასებური სიდინჯით, სიღრმითა და შეხედულებებით დიდი ღვაწლი დასდო ქართული ფილოსოფიის განვითარებას.

ეკლესიასტე ბრძანებს: „თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე“.
დიდებული წინაპრების შთამომავალი იყო ზურაბ ჭავჭავაძე. იგი ამაყობდა თავისი ფესვებით და ძლიერ უყვარდა ყვარლის მიწა-წყალი. მისი სტუმრობა მშობლიურ ყვარელში ყოველთვის ზეიმი იყო. უფალი ღმერთის შეწევნითა და ზურაბის თაოსნობით ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესია სათანადო რესტავრაციის შემდეგ ამოქმედდა და ერისა და ბერის სამსახურში ჩადგა. ღვთის განგებით ზურაბმა თანამებრძოლებთან ერთად, მთვლემარე ქართველობა გამოაღვიძა და თავისი აქტიური მოღვაწეობით ბევრი გააკეთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლების თვალსაზრისით. იგი იყო 1980-იანი წლების საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ჭეშმარიტი ლიდერი,”- წერს
საქართველოს ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი ოთარ დავითაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები