ქეთევან ციხელაშვილი: ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების ამოღება ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციის მიერ აფთიაქებისთვის ქართულწარწერიანი მედიკამენტების ჩამორთმევის ფაქტს გამოეხმაურა.

მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ქმედება პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული.

„სამწუხაროდ და საუბედუროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან. ეს არ არის ახალი, მაგრამ აქვს საუბედურო და ახალი გამოვლინებები, რომელსაც კონკრეტულ ადამიანებზე და არა ერთეულებზე, არამედ ასობით და ათასობით ადამიანზე აქვს გავლენა. მედიკამენტების ამოღება რამდენიმე დღის დაიწყო და გრძელდება. ქართულწარწერიანი მედიკამენტების ამოღება პირდაპირ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და აქ არა მხოლოდ ქართველები, არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება, რადგან წამლებს იყენებს ყველა. საუბედუროდ, დაავადებისგან არავინ არის დაცული და ეს წამლები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. იმის გამო, რომ მედიკამენტებს აქვს ქართული წარწერა, ხდება მათი ამოღება, ფაქტობრივად, ამ ადამიანების სასიცოცხლო ინტერესებისა და საჭიროებების უგულებელყოფა, მათი გაწირვა. ეს წამლები იქ ხვდება იმიტომ, რომ საჭიროა. წარმოიდგინეთ, რა პირობებში ხვდება, როდესაც ფაქტობრივად გადაადგილება არის სრულიად შეზღუდული და ჩაკეტილი. ეს იმას მიუთითებს, რომ არის ძალიან მაღალი საჭიროება, შედიოდეს მედიკამენტები, სხვადასხვა პროდუქტები. რეგიონი არის იზოლაციაში, პროდუქტების, მედიკამენტების დეფიციტში და ამის თავზე რომ კიდევ რეპრესიული ზომები ტარდება, ეს არის ძალიან მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ყველაფრის ფასად მოხდეს კავშირებისა და კონტაქტების გაწყვეტა დანარჩენ საქართველოსთან იმ ფონზე, როდესაც რეალურად ეს კონტაქტები იზრდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა, რომ არ იყოს დღეს ხელოვნურად ჩახერგილი გადაადგილების შესაძლებლობა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები